თბილისი (GBC) - ევროკავშირის საბჭო გეგმავს ბრიუსელში უმაღლესი დონის სამიტებსა და მინისტერიალებზე სოციალური მედიის ინფლუენსერები - ტიკტოკერები და იუთუბერები მიიწვიოს. თუმცა, როგორც გამოცემა POLITICO წერს, ბლოკს კონტენტის ავტორებისთვის საკმაოდ მკაცრი ფილტრი ექნება დაწესებული: სამიტებზე მუშაობის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ევროკავშირის ღირებულებებს ეჭვქვეშ არ დააყენებენ.

წევრი ქვეყნების მთავრობებისთვის გაგზავნილი სახელმძღვანელო დოკუმენტის თანახმად, რომელიც მიმდინარე წლის ივლისიდან ამოქმედდება, დედაქალაქებმა თავად უნდა შეარჩიონ აკრედიტაციის კანდიდატები. მთავარი მოთხოვნაა, რომ ინფლუენსერებს არ ჰქონდეთ გამოქვეყნებული აზრი ბლოკის იდეების საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, მათ ეკრძალებათ მსხვილ ბრენდებთან გრძელვადიანი კომერციული კოლაბორაცია, არ უნდა ეკავოთ პოლიტიკური თანამდებობა და არც პოლიტიკური კარიერისკენ უნდა ისწრაფოდნენ. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობისთვის ისინი ანაზღაურებას არ მიიღებენ.

ამ ინიციატივას ევროპულ ინსტიტუტებში მომუშავე აკრედიტებული ჟურნალისტების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.

საერთაშორისო პრესის ასოციაციამ (IPA) სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ინფლუენსერების დაშვება საფრთხეს უქმნის რეპორტიორების მუშაობას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პროფესიულ ეთიკას.

„ტიკტოკსა და ინსტაგრამზე ნახვები შესანიშნავია, მაგრამ ინფლუენსერებს არავინ სთხოვს იმის გაჟღერებას, თუ ვინ უხდის მათ ფულს. ჟურნალისტებისგან განსხვავებით, მათგან არავინ ელის ნეიტრალურობას ან ეთიკის სტანდარტების დაცვას“, - აცხადებენ ასოციაციაში.

ჟურნალისტების დასამშვიდებლად ევროკავშირის საბჭოს პრესსპიკერმა განმარტა, რომ კონტენტის შემქმნელებს მედიის წარმომადგენლებად არ განიხილავენ. ისინი შენობაში ყოფნისას მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან და არ ექნებათ წვდომა იმ ექსკლუზიურ სივრცეებსა თუ პრესკონფერენციებზე, რომლებიც ტრადიციული მედიისთვისაა განკუთვნილი.