თბილისი (GBC) - საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან $25 მლნ-ის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა. გამოყოფილი ფინანსური რესურსი ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება.
საელჩოს განცხადებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად გაზრდის ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას. კერძოდ, პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით ერთი მილიონი ტონით გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ ვაჭრობას უფრო უსაფრთხოსა და ეფექტიანს გახდის.
მიმდინარე პროექტი DFC-ისა და PACE Group-ის წარმატებული პარტნიორობის გაგრძელებაა.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, კორპორაციამ ჯერ კიდევ 2020 წელს, ფოთის ახალი საზღვაო პორტის ტერმინალის განვითარებისა და მშენებლობისთვის $50 მლნ-ის ოდენობის სესხი გამოყო.
ცნობისთვის, DFC აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო საინვესტიციო სააგენტოა. მისი საქმიანობა მიმართულია ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის მყარი ეკონომიკური შედეგების უზრუნველყოფაზე, პარალელურად კი, იგი ხელს უწყობს აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.