თბილისი (GBC) - ნათია თურნავაm შვეიცარიაში საერთაშორისო კონფერენციაში Point Zero Forum 2026-ში მიიღო მონაწილეობა.
ციურიხში გამართული ფორუმის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი პანელური დისკუსიის მომხსენებელი იყო. დისკუსია სტაბილქოინების, პროგრამირებადი ბანკინგის, ციფრული აქტივებისა და ფინანსური სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის ძირითად ტენდენციებს შეეხო.
თურნავამ მონაწილეებს სებ-ის რეფორმები გააცნო. ისაუბრა ციფრული ბანკების სალიცენზიო რეჟიმზე, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) მარეგულირებელ ჩარჩოსა და სტაბილქოინების რეგულირების ახალ მოდელზე, რომელიც რეგიონში პირველია.
„ბოლო წლებში სებ-მა ინოვაციური ფინანსური სერვისების მომსახურებისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნა. ინოვაციების მხარდამჭერი ახალი სალიცენზიო რეჟიმების და მარეგულირებელი ჩარჩოს შედეგად უკვე 3 ციფრული ბანკი ოპერირეს. VASP-ის) მარეგულირებელი ჩარჩოს მოჰყვა 40 ახალი რეგისტრირებული, მ.შ. წამყვანი საერთაშორისო კომპანიები. სულ ცოტა ხნის წინ კი წარვადგინეთ სტაბილქოინების რეგულირების ახალი მოდელი, რომელიც შინაარსით რეგიონში პირველია და შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
ინოვაციების მხარდაჭერასთან ერთად აღინიშნა, რომ სებ-ის მთავარი საზრუნავია ეროვნული ვალუტისა და ფინანსური სისტემის მიმართ ნდობის განმტკიცება.
„ცენტრალური ბანკი, თავის როლს ფინანსური ინოვაციების ხელშემწყობისა და მონეტარული ნდობის გარანტის რანგში ვხედავთ. მიზანი ისეთი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნაა, რომელიც ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურებების უსაფრთხო განვითარებას უზრუნველყოფს", -აღნიშნა ნათია თურნავამ.
Point Zero Forum საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ცენტრალური ბანკების, მარეგულირებლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. ფორუმი ფინანსური სექტორის განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე გამოწვევების განხილვას ემსახურება.