თბილისი (GBC) - 2025 წელს პოლონეთმა ჯამში $448.66 მლნ-ის ღირებულების 145.86 მლნ ლიტრი ღვინის იმპორტი განახორციელა, სადაც უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის საქართველო მერვე პოზიციაზე დასახელდა. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი, რომელიც UN Comtrade-ის მონაცემებს ეყრდნობა.

გასულ წელს პოლონეთის ბაზარზე საქართველოდან $18.03 მლნ-ის ღირებულების 6.6 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. რეიტინგის მიხედვით, ქართული ღვინის საშუალო ფასი ერთ ლიტრზე $2.73-ს შეადგენს, რაც აღემატება ისეთი მსხვილი ექსპორტიორების მაჩვენებელს, როგორიცაა გერმანია, პორტუგალია, ესპანეთი და ჩილე.

პოლონეთის ღვინის ბაზარზე აბსოლუტურ ლიდერობას ინარჩუნებს იტალია, რომელზეც მთლიანი იმპორტის ღირებულების 31% ($139.15 მლნ) და მოცულობის 25% (36.55 მლნ ლიტრი) მოდის. იტალიურ ღვინოზე საშუალო ფასი ლიტრზე $3.81-ია.

კვლევის მიხედვით, პოლონეთის უმსხვილესი იმპორტიორების ხუთეული ასე გამოიყურება:

  • იტალია - $139.15 მლნ (36.55 მლნ ლ, ფასი: $3.81/ლ)
  • საფრანგეთი - $58.41 მლნ (12.63 მლნ ლ, ფასი: $4.62/ლ)
  • გერმანია - $57.19 მლნ (21.86 მლნ ლ, ფასი: $2.62/ლ)
  • პორტუგალია - $45.12 მლნ (17.05 მლნ ლ, ფასი: $2.65/ლ)
  • ესპანეთი - $41.32 მლნ (19.39 მლნ ლ, ფასი: $2.13/ლ)

აღსანიშნავია, რომ TOP-5 ექსპორტიორს შორის ყველაზე მაღალი საფასო კატეგორია საფრანგეთის პროდუქციას აქვს ($4.62/ლ), ხოლო ყველაზე ხელმისაწვდომი ესპანური ღვინოა ($2.13/ლ). რეიტინგში საქართველოს უშუალო მეზობლები არიან აშშ (მე-6 ადგილი, 26.27 მლნ დოლარი), ჩილე (მე-7 ადგილი, $19.37 მლნ) და მოლდოვა, რომელიც მეცხრე პოზიციას $7.54 მლნ-ით იკავებს.

ჯამურად, პოლონეთში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ღვინის საშუალო შეწონილი ფასი ლიტრზე $3.08-ს შეადგენს.