თბილისი (GBC) - Galt & Taggart-ის ყოველკვირეული მიმოხილვის თანახმად, 2026 წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.3%-ით გაიზარდა და $485 მლნ შეადგინა.
მიუხედავად ივნისის პოზიტიური დინამიკისა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ტურიზმის სექტორში მცირედი კლება ფიქსირდება. კერძოდ, 2026 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლების მოცულობა ჯამურად $2 მლრდ გახდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება მოლოდინებს, საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, სექტორი ზრდის ტემპს დაუბრუნდება - ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, ხოლო 2027 წლისთვის $5.3 მლრდ-ს მიაღწევს.
მიმოხილვაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ სტატისტიკაზეც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 51.9%-ით გაიზარდა და ახალი რეკორდული დონე - $7.1 მლრდ შეადგინა.
წინა თვესთან (მაისთან) შედარებით ივნისში რეზერვები 1.7%-ით არის გაზრდილი, რაც აბსოლუტურ მაჩვენებელში $115.8 მლნ-ის მატებას ნიშნავს.
„რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს და ასევე, სების მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 27 ივლისს). აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.2%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
