თბილისი (GBC) – საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე ძირითადი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის მობილიზებას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, 10-წლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას და ტვირთის გადაზიდვის დროის განახევრებას. ასევე დაგეგმილია ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგება და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგება.

პრემიერის განცხადებით, გეგმის ფარგლებში უკვე დაწყებულია გარკვეული პროექტები. მისი თქმით, 2026 წელს საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის განახლებისთვის 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

კობახიძის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობის 75% უკვე დასრულებულია.

პრემიერის შეფასებით, გლობალური სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და მიწოდების ჯაჭვების მდგრადობის ზრდის ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შუა დერეფნის შესაძლებლობების გამოყენება.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის შეფასებით, შესაბამისი ინვესტიციებისა და ეფექტიანობის ზრდის შემთხვევაში, 2030 წლისთვის შუა დერეფანში ტვირთნაკადები შესაძლოა გასამმაგდეს, ხოლო გადაზიდვის დრო განახევრდეს.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში 7-8 სექტემბერს იმართება.