თბილისი (GBC) – პოლიტიკური პარტია „გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ერქმევა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია განმარტებული, დასახელება „გირჩი“ თავის დროზე იმისთვის აირჩიეს, რომ თავისუფლების იდეა მარტივად დასამახსოვრებელ, ნეიტრალურ საგანში გამოესახათ. თუმცა, ბოლო წლებში იგივე სახელი კიდევ ორ პარტიას დაერქვა, რასაც ოპონენტები გაუგებრობის შესაქმნელად და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად იყენებდნენ.

„არის შემთხვევები, როდესაც ისეთ ვინმეს წარმოაჩენენ ჩვენს ძმად ან აქტივისტად, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია არც ჩვენთან და არც თავისუფლებასთან. ეს ყველაფერი ხალხს არასწორ წარმოდგენას უქმნის ჩვენზე და აზიანებს იმ იდეას, რის გამოც თავის დროზე პარტია შეიქმნა. გადავწყვიტეთ, ეს დავასრულოთ და გადავშალოთ პოლიტიკური ცხოვრების ახალი ფურცელი – დავირქვათ ის, რაც რეალურად ვართ, სულ ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით: „თავისუფალი ხალხის პარტია“, - აღნიშნულია განცხადებაში.