თბილისი (GBC) – სომხეთის ანტიკორუფციულმა სასამართლომ ქვეყნის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ვაჟს, სედრაკ ქოჩარიანს ორი თვით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ 26 აგვისტოს ღამით მიიღო, იუწყება News.am ადვოკატ ალექსანდრ კოჩუბაევზე დაყრდნობით.

ადვოკატის ინფორმაციით, სედრაკ ქოჩარიანს შეხვედრების უფლებაც შეეზღუდა, გარდა მეუღლესა და შვილებთან კონტაქტისა.

25 აგვისტოს სედრაკ ქოჩარიანი, მისი მამა და კიდევ ოთხი პირი კორუფციული საქმის ფარგლებში დააკავეს. იმავე დღეს ჩხრეკა ჩატარდა რობერტ ქოჩარიანის უმცროსი ვაჟის, ოპოზიციური პარტია „სომხეთის“ დეპუტატის, ლევონ ქოჩარიანის საცხოვრებელ სახლში.

ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. დაკავების შემდეგ რობერტ ქოჩარიანს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი წინასწარი პატიმრობის საკითხის განხილვა ხელისუფლებას სამედიცინო გამოკვლევის დასრულების შემდეგ ჰქონდა დაგეგმილი.

ანტიკორუფციული კომიტეტის ვერსიით, ქოჩარიანის პრეზიდენტობის წლებში რამდენიმე ძვირფასი სახელმწიფო ობიექტი სახელმწიფოს საკუთრებიდან გავიდა და მასთან დაკავშირებულმა სტრუქტურებმა საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინეს. გამოძიება მიიჩნევს, რომ მოგვიანებით ეს ქონება დაკავშირებულ კომპანიებსა და ოჯახის წევრებზე გადაფორმდა.

საქმეში ფიგურირებს, მათ შორის, მიწის ნაკვეთი, სადაც მოგვიანებით გასართობი ცენტრი Play City აშენდა, ერევნის ერთ-ერთი სიმბოლოს – „კასკადის“ კომპლექსის ტერიტორია, ასევე უძრავი ქონება პარონიანის ქუჩაზე და სხვა ობიექტები.

გენერალური პროკურატურა სახელმწიფოს სასარგებლოდ ქოჩარიანისა და მასთან დაკავშირებული პირების, მათ შორის მისი შვილებისა და მათი მეუღლეების აქტივების ჩამორთმევას მოითხოვს. საქმე ეხება ათეულობით უძრავ ქონებას, კომპანიებში წილებს, ფასიან ქაღალდებს, დეპოზიტებსა და სხვა აქტივებს.

თავად ქოჩარიანი და მისი პოლიტიკური მოკავშირეები მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

საქმის განვითარებას წინ უძღოდა დაძაბული დაპირისპირება სომხეთის პარლამენტში. 24 აგვისტოს ლევონ ქოჩარიანსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის კითხვა-პასუხის დროს მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ლევონ ქოჩარიანმა ფაშინიანის მისამართით განაცხადა, რომ საზოგადოება კითხულობს, რატომ რჩება ის ხელისუფლებაში. საპასუხოდ ფაშინიანმა ქოჩარიანის ოჯახის ქონებრივ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და ჰკითხა ოპოზიციონერ დეპუტატს, რატომ არიან ის და მისი ოჯახის წევრები მილიონერები.

ეს რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ პირველი სისხლის სამართლის საქმე არ არის. 2018 წელს, ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყოფილ პრეზიდენტს 2008 წლის 1 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით კონსტიტუციური წყობილების დამხობის ბრალდება წაუყენეს. მაშინ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ერევანში ოპოზიციის საპროტესტო აქციების დაშლისას, დაპირისპირებას 10 ადამიანი ემსხვერპლა.

რობერტ ქოჩარიანი სომხეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად რჩება და სომხეთსა და რუსეთს შორის მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებას უჭერს მხარს. ის ქვეყნის მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (კუხო) გასვლის წინააღმდეგია.

ამ ფონზე, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი სომხეთში კუხოს სამშვიდობო ძალების შეყვანას ცდილობს.

„კუხოს სამშვიდობო ძალები სომხეთში არ შემოვლენ და საერთოდ, სომხეთში არც ერთი სამშვიდობო ძალა არ შემოვა, რადგან მშვიდობა დამყარებულია და მშვიდობისმყოფელი თავად ხალხია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

რობერტ ქოჩარიანის ოფისმა ყოფილი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაკავებას ხელისუფლების მხრიდან „კიდევ ერთი შეტევა“ უწოდა. სომხეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ საქმე კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებულ გამოძიებას ეხება.

საქმე ვითარდება სომხეთის ხელისუფლებასა და ოპოზიციის იმ ნაწილს შორის მზარდი დაპირისპირების ფონზე, რომელიც ქვეყნის რუსეთთან ტრადიციულად მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებას ემხრობა.