თბილისი (GBC) - 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წინა წელთან შედარებით 56.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს - $8.14 მლრდ-ს მიაღწია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მხოლოდ წინა თვესთან შედარებით ზრდამ $613 მლნ შეადგინა.

რეზერვების ზრდასთან ერთად გაუმჯობესდა მათი ადეკვატურობის მაჩვენებლებიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით (ARA metric) განსაზღვრულ 100%-იან ზღვართან შედარებით, მიმდინარე დონე 128.2%-ს შეადგენს.

სებ-ის განცხადებით, ბოლო ორ წელიწადში (2024 წლის ოქტომბერთან შედარებით) რეზერვების მოცულობა გაორმაგდა. სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობების ფონზე, 2026 წლის იანვარ-ივლისში ცენტრალური ბანკის წმინდა შესყიდვებმა ჯამურად $2.56 მლრდ შეადგინა (აგვისტოს შესყიდვების სტატისტიკა 25 სექტემბერს გამოქვეყნდება).

რეზერვების მოცულობის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ოქროს აქტივების დივერსიფიკაციამაც. 2026 წლის ივნისში სებ-მა დამატებით $100 მლნ-ის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს გლობალური ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით $135 მლნ-ით გაიზარდა და $1.14 მლრდ-ს მიაღწია. ამ ეტაპზე ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.1%-ს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.