თბილისი (GBC) – აზერბაიჯანულმა ნავთობკომპანია SOCAR-მა საქართველოს ბაზრისთვის იტალიიდან ბენზინის პირველი პარტია გამოგზავნა. კომპანიის იტალიურმა შვილობილმა Italiana Petroli-მ, რომელსაც SOCAR მაისიდან ფლობს, SOCAR Georgia Petroleum-ისთვის 5 ათასი ტონა ბენზინი გაგზავნა.

პარტია ევროპულ სტანდარტ EN 228-ს აკმაყოფილებს. კომპანიის განცხადებით, იტალიიდან საწვავის მიწოდება საქართველოს ბაზარზე ნავთობპროდუქტების მომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას და საწვავის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

ბენზინი წარმოებულია SARPOM-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც იტალიის ნოვარის პროვინციის ქალაქ ტრეკატეში მდებარეობს. ეს ქარხანა, ანკონაში მდებარე ბიტუმის მწარმოებელ ქარხანასთან ერთად, SOCAR-ის იტალიურ აქტივებს წარმოადგენს.

SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორის ნოდარ ყანჩაველის განცხადებით, იტალიურ მხარესთან თანამშრომლობა საქართველოს ბაზრისთვის საწვავის მიწოდების დივერსიფიკაციისა და უწყვეტი მომარაგების დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

SOCAR-მა Italiana Petroli-ს 99.82%-იანი წილის შეძენა 2026 წლის 8 მაისს დაასრულა, მას შემდეგ, რაც გარიგებისთვის ყველა საჭირო მარეგულირებელი თანხმობა მიიღო.

SOCAR საქართველოში საქმიანობას უკვე 20 წელია ახორციელებს.