თბილისი (GBC) - პატარკაციშვილების ოჯახი უკრაინის ხელისუფლებასთან მწვავე სამართლებრივ დავაშია ჩაბმული. კიევი კომპანია IDS Ukraine-ის ჩამორთმევასა და ნაციონალიზაციას ცდილობს, სადაც 34%-იან წილს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი (მათ შორის, მისი ქალიშვილი ლიანა პატარკაციშვილი) ფლობს, ხოლო 49%-ს - რუსი სანქცირებული ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი. ამის შესახებ The Guardian წერს.

უკრაინაში ბოთლის წყლის უმსხვილესი მწარმოებლის, IDS Ukraine-ის აქტივები ხელისუფლებამ 2022 წელს გაყინა.

უკრაინის აქტივების აღდგენისა და მართვის სააგენტოს (Arma) ხელმძღვანელის, იაროსლავა მაქსიმენკოს თქმით, უწყება დამოუკიდებელი მენეჯმენტის შესაყვანად მუდმივად წააწყდა სამართლებრივ დაბრკოლებებს, რადგან პატარკაციშვილები უარს ამბობენ თავიანთ კუთვნილ აქტივებზე კონტროლის დათმობაზე.

თავის მხრივ, პატარკაციშვილების ოჯახის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი 2022 წლის თებერვლიდან უკრაინის ერთგული მხარდამჭერები არიან და უსამართლოდ გახდნენ სამიზნე. ოჯახის პოზიციით, სახელმწიფო არ უნდა ართმევდეს აქტივებს არასანქცირებულ მესაკუთრეებს, რომელთა მიმართაც არანაირი ბრალდება არ არსებობს.

ოჯახის წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თუ უკრაინულ სასამართლოებში სამართლიანობის მიღწევა ვერ მოხერხდება და კომპანიას Arma-ს პროცესით ჩამოართმევენ, ისინი საკუთარი უფლებების დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში გააგრძელებენ.

IDS Ukraine-ში 34%-იანი წილი ლიანა, ია და ინა პატარკაციშვილებმა მემკვიდრეობით 2008 წელს, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მიიღეს.

კომპანიის მცირე აქციონერებს შორის საქართველოს მთავრობაც შედის.