თბილისი (GBC) - ამერიკელი მომლაპარაკებლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, უკრაინაში პირველად ჩავიდნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ომის დასრულების შესაძლო გზები განიხილეს. მაღალი რანგის ვიზიტი კიევში მას შემდეგ შედგა, რაც აშშ-ის წარმომადგენლებმა მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან გამართეს შეხვედრა. ამის შესახებ The Guardian წერს.

კუშნერი და უიტკოფი კიევში მატარებლით ჩავიდნენ, მას შემდეგ რაც რუსულმა ძალებმა დედაქალაქის ორი მთავარი აეროპორტი დაბომბეს. აშშ-ის დელეგაციის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, მხარეებმა აიღეს ვალდებულება, შაბათ-კვირას თავი შეეკავებინათ დედაქალაქებზე თავდასხმებისგან. მოლაპარაკებებს შეუერთდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებიც. უიტკოფმა ზელენსკისთან დისკუსიას „ძალიან კონსტრუქციული და შინაარსიანი“ უწოდა, ხოლო კუშნერმა აღნიშნა, რომ ეს არის „ხანგრძლივი, მძიმე და ემოციური ომი“.

შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა მომავალი ზამთრის წინ აშშ-ისა და ევროპისგან კვლავ ელის მხარდაჭერას, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და ენერგეტიკული სექტორის მიმართულებით. ზელენსკის თქმით, უკრაინა განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) სერიოზულ მოცულობებზე. მან ასევე დასძინა, რომ სურს გააკეთოს ყველაფერი უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის სამმხრივი შეხვედრების ორგანიზებისთვის.

მოლაპარაკებები ეფუძნება 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, თუმცა პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში შეფერხებული იყო ვაშინგტონის ყურადღების ირანის კონფლიქტზე გადატანის გამო. მთავარ შეუთანხმებელ საკითხად კვლავ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიებზე კონტროლის მოპოვება და შენარჩუნება რჩება.