თბილისი (GBC) – ევროკავშირი გეგმავს, ევროპულ ბაზარზე სომხური ექსპორტის 80%-ს უბაჟო წვდომა მიანიჭოს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა სუვერენული არჩევანის თავისუფლებას და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ბრიუსელი სომხეთის ეკონომიკურ მხარდაჭერას აძლიერებს.
„არცერთი ქვეყანა არ უნდა დაექვემდებაროს ზეწოლას საკუთარი სუვერენული არჩევანის გამო. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი ააქტიურებს ქმედებებს - გამოყოფს 52 მილიონ ევროს და სომხურ ექსპორტს ევროკავშირში 80%-იან უბაჟო წვდომას სთავაზობს. სომხეთს შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა ერევანს საშუალებას მისცემს, ის პროდუქცია, რომელიც აქამდე ძირითადად რუსული ბაზრისთვის იყო განკუთვნილი, ევროკავშირის ერთიან, 450-მილიონიან სამომხმარებლო ბაზარზე გადაამისამართოს.
ახალი შეღავათებით, ევროპის კარი სრულად გაიღება სომხური ახალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თითქმის 99%-ს, ხოლო სასმელებისა და ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტის - 90%-ს.
სავაჭრო ნაკადების სწრაფი დივერსიფიკაციის მიზნით, ევროკომისია მიმდინარე წლის ივლისის შუა რიცხვებში სომხეთში სპეციალურ ექსპერტთა ჯგუფს მიავლენს, რომლებიც ადგილობრივ მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან პირდაპირ ითანამშრომლებენ.
