თბილისი (GBC) – საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ოფიციალური ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების (GVHD რეაქციის) სამკურნალოდ, ძვირად ღირებულ მედიკამენტ „ჯაკავს“ სრულად დააფინანსებს.
უწყების განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ უფინანსდებათ. თუმცა, გადანერგვის შემდგომ პაციენტთა ნაწილს უვითარდება რეაქცია GVHD - „ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ“, რა დროსაც დონორის უჯრედები პაციენტის ორგანიზმს ებრძვიან. ასეთ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება მაღალტექნოლოგიური მედიკამენტური თერაპია.
საერთაშორისო კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისად, აღნიშნული გართულების მართვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად აღიარებულია პრეპარატი „ჯაკავი“ („რუქსოლიტინიბი“). იგი განსაკუთრებით კრიტიკულია იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთა დაავადება სტანდარტულ ჰორმონალურ მკურნალობას აღარ ექვემდებარება.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, მედიკამენტი GVHD რეაქციის მქონე ყველა პაციენტს უფასოდ გადაეცემა. ამასთან, სახელმწიფოს მიერ შესყიდული „ჯაკავი“ უკვე ხელმისაწვდომია ყველა ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე ბენეფიციარისთვის, მათ შორის 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად გაზრდის მაღალი ხარისხის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას და საგრძნობლად შეამსუბუქებს პაციენტთა ოჯახების ფინანსურ ტვირთს.
