თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, ინვესტიციების ზრდისა და რეგიონული დაკავშირებადობის საკითხები განიხილეს.
ბეკტენოვის განცხადებით, ყაზახეთი საქართველოს სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად და სანდო მეგობრად მიიჩნევს, ხოლო თბილისს ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირის გაძლიერებაში განსაკუთრებული როლი აკისრია.
ყაზახეთის პრემიერის ინფორმაციით, 2026 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 53 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ბოლო 20 წლის განმავლობაში ყაზახეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 570 მილიონ დოლარს გადააჭარბა. მისივე თქმით, ყაზახეთში ქართული კაპიტალის მონაწილეობით 600-ზე მეტი კომპანია ოპერირებს.
ოლჟას ბეკტენოვმა ასევე განაცხადა, რომ ყაზახური მხარე დაინტერესებულია ახალი ერთობლივი პროექტების დაწყებითა და სამრეწველო თანამშრომლობის გაფართოებით, მათ შორის სურსათის გადამუშავების, ნავთობქიმიის, ლოგისტიკის, სამშენებლო მასალებისა და წარმოების სფეროებში.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 29 ივნისს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს, რომელთანაც როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
თოყაევისა და კობახიძის შეხვედრის შემდეგ საქართველომ და ყაზახეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, ასევე გაფორმდა რამდენიმე უწყებათაშორისი შეთანხმება კულტურის, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროებში.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.