თბილისი (GBC) - Lion Finance Group PLC-ის სომხურმა შვილობილმა (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) Ameriabank-მა $50 მლნ-ის მოცულობის, 8%-იანი მუდმივი დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) სუბორდინირებული, გამოსყიდვის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდები განათავსა.
ემისია ადგილობრივ ბაზარზე $100 მლნ-ის გამოშვების პროგრამის II ტრანშია. პირველი ტრანში წარმატებით განთავსდა 2026 წლის თებერვალში.
ფასიანი ქაღალდები დენომინირებულია აშშ დოლარში და თითოეულის ნომინალური ღირებულება $10,000-ს შეადგენს. მინიმალური შესაძენი რაოდენობა ხუთი ფასიანი ქაღალდია. ისინი უვადოა, თუმცა ბანკს უფლება აქვს მეხუთე წლის შემდეგ განახორციელოს მათი ვადამდე გამოსყიდვა. კუპონის განაკვეთი 8%-ს შეადგენს და მისი გადახდა ნახევარწლიურად მოხდება.
განთავსების ორგანიზატორის ფუნქცია Ameriabank-მა შეასრულა. ფასიანი ქაღალდები სომხეთის საფონდო ბირჟაზე დაილისტება.
„პირველი ტრანშის წარმატების შემდეგ, AT1 ინსტრუმენტების მეორე ტრანშიც სრულად განთავსდა დაგეგმილ ვადაზე მნიშვნელოვნად ადრე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს Ameriabank-ის ძლიერ პოზიციებსა და ინვესტორების მაღალ ნდობას ბანკის მიმართ. მეორე ტრანში პირველთან შედარებით 50 საბაზისო პუნქტით დაბალი შემოსავლიანობით (YTM) განთავსდა, რაც ინვესტორების ძლიერ მოთხოვნაზე მიუთითებს. კაპიტალის პოზიციის დამატებითი გაძლიერებით, აღნიშნული ტრანზაქცია ზრდის ჩვენს ფინანსურ მდგრადობას და გვაძლევს მეტ შესაძლებლობას, მხარი დავუჭიროთ ზრდას“, - განაცხადა Ameriabank-ის ფინანსურმა დირექტორმა, იოვანეს ტოროიანმა.
LFG-ის ფინანსური დირექტორის, გიორგი შაგიძის თქმით, AT1 ინსტრუმენტების მეორე გამოშვება, უფრო დაბალი კუპონის განაკვეთით, ხაზს უსვამს ბაზრის ნდობას Ameriabank-ის საკრედიტო ხარისხისა და ძლიერი კაპიტალური პოზიციის მიმართ. ტრანზაქცია ზრდის მათ ფინანსურ მოქნილობას და ხელს უწყობს სომხეთის ბაზარზე მდგრად ზრდას.