თბილისი (GBC) - ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, ლა გუაირას შტატში მდებარე სასტუმრო „სანტუარიო ლა ლიანადა“ ჩამოინგრა, სადაც აშშ-დან ახლად დეპორტირებული 140-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა. დაკარგულთა ოჯახები მთავრობისგან დროულ რეაგირებასა და პასუხებს ითხოვენ. ამის შესახებ Reuters წერს.
ბოლო საუკუნის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა მიწისძვრამ ვენესუელაში, ოფიციალური მონაცემებით, 1,750-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დანგრეული ან დაზიანებულია 850-ზე მეტი შენობა, რის გამოც 16 000-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ქვეყნის პოლიტიკური ოპოზიციის მონაცემებით კი, დაკარგულთა სია 45 000 ადამიანს აღწევს.
განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ სასტუმრო „სანტუარიო ლა ლიანადაში“. ნგრევის მომენტში შენობაში აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურების მიერ რეპატრირებული მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, პროცედურების გასავლელად და დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად სწორედ აღნიშნულ ობიექტზე გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებიდან დამოუკიდებლად გამოსვლა მხოლოდ 12-მა ადამიანმა შეძლო, 30-მდე პირი კი მაშველებმა გადაარჩინეს.
მიგრანტების ოჯახის წევრები ვენესუელის ხელისუფლებასა და შიდა დაზვერვის სამსახურს (SEBIN) აკრიტიკებენ. მათი განცხადებით, დეპორტირებულებს აეროპორტშივე ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მობილური ტელეფონები, რამაც კრიტიკულ სიტუაციაში მათი იდენტიფიცირება და საძიებო სამუშაოები ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა.
დაზარალებულთა ნათესავები სამაშველო სამუშაოების დაჩქარებასა და ნანგრევების გასაწმენდად მძიმე ტექნიკის დროულ მობილიზებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, ტერიტორიაზე ტექნიკა დაგვიანებით შევიდა. სამთავრობო პროგრამამ „დიდი მისია - დაბრუნება სამშობლოში“, რომელიც მიგრანტების მიღებაზეა პასუხისმგებელი, ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა, თუმცა დეპორტირებულთა იზოლაციისა და დოკუმენტების ჩამორთმევის შესახებ დასმულ კითხვებს უწყება ამ ეტაპზე არ პასუხობს.