თბილისი (GBC) – ისრაელი აქტიურად ავითარებს კოსმოსში განთავსებისთვის განკუთვნილ ლაზერულ სისტემებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება დედამიწის ზედაპირზე დარტყმების განხორციელება. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, წერს The Jerusalem Post.
მინისტრის თქმით, ისრაელი ამ მიმართულებით „საუკეთესო სპეციალისტებს იზიდავს“ და მიზნად ისახავს გახდეს ლიდერი კოსმოსური სამხედრო შესაძლებლობების სფეროში. მისი განცხადებით, ასეთი ტექნოლოგიები ქვეყანას მნიშვნელოვან უპირატესობას მისცემს როგორც თავდაცვით, ისე შეტევით შესაძლებლობებში.
კაცმა 25 ივნისსაც აღნიშნა, რომ ისრაელს გადაწყვეტილი აქვს დაიკავოს წამყვანი პოზიცია კოსმოსიდან დარტყმის ტექნოლოგიების განვითარებაში.
ამჟამად ისრაელი უკვე ფლობს სახმელეთო ლაზერულ სისტემას Iron Beam-ს, რომელიც არმიის შეიარაღებაშია და გამოიყენება რაკეტების, დრონებისა და ნაღმსატყორცნი ჭურვების გასანეიტრალებლად. იგი ითვლება მსოფლიოში პირველ ოპერაციულ ლაზერულ თავდაცვით სისტემად.
The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ქვეყანა ასევე მუშაობს ავიაციაზე დასამონტაჟებელ ლაზერულ სისტემებზე.