თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, 2026 წლის მაისში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების პირველად ბაზარზე მოთხოვნა მეტწილად უცვლელი დარჩა, ხოლო გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა მეორად ბაზარზე და 2023 წლის შემდეგ მეხუთე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
კვლავინდებურად იკლებს მიწოდების მხარეც, სადაც გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი ზედიზედ მერვე თვეა მცირდება. ამასთან, მაისში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად მცირედით გაიზარდა, თუმცა რეალიზებული ფართობი შემცირდა, რაც ბინების საშუალო ზომის კლებას უკავშირდება. პირველად ბაზარზე ფასმა ზრდა ზომიერი ტემპით განაგრძო, ხოლო მეორად ბაზარზე, აპრილის მკვეთრი ზრდის შემდეგ, ფასის მცირე კლება და ნაწილობრივი სტაბილიზაცია დაფიქსირდა.
მოთხოვნა
2026 წლის მაისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 748 შეადგინა, აქედან:
- მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 12.4%-ით გაიზარდა და 1 924 შეადგინა (2026 წლის 5 თვეში +14.7% წ/წ).
- პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 9.7%-ით გაიზარდა და 1 824 შეადგინა (2026 წლის 5 თვეში +12.9% წ/წ).
გალტ & თაგარტის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის მაისში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად მცირედით, 2.5%-ით გაიზარდა, თუმცა გაყიდული ფართობი შემცირდა, რაც მაისში გაყიდული ბინების საშუალო ზომის შემცირებას უკავშირდება. (ჯამურად
2026 წლის 5 თვეში +22.1% წ/წ). 2026 წლის 5 თვეში, თბილისში სულ 18 296 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ $1.6 მლრდ შეადგინა (+21.9% წ/წ).
მიწოდება
2026 წლის მაისში ნებართვა გაიცა 23 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამურმა საცხოვრებელმა ფართმა 165,484 კვ.მ შეადგინა (-18.4% წ/წ). აღსანიშნავია, რომ გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი ზედიზედ მერვე თვეა მცირდება, რაც წინა წლებში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების დასტაბილურების ნიშანია. ჯამურად, 2026 წლის 5 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 34.4%-ით შემცირდა.
ფასები
2026 წლის მაისში, უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე ზომიერი ტემპით, თვიურად 0.3%-ით გაიზარდა $1 412-მდე. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 0.3%-ით შემცირდა და $1 366 შეადგინა, რაც აპრილში დაფიქსირებული მკვეთრი, 5% ზრდის შემდეგ ნაწილობრივ სტაბილიზაციაზე მიუთითებს.
ქირა
2026 წლის მაისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულზე $9.9 შეადგინა (-0.2% თ/თ), ქირის ამონაგებმა კი - 8.4%.