თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ, სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებისას აღნიშნა, რომ სააგენტოს გადაწყვეტილებას საფუძვლად მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგები უდევს. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს გამოიხატება ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელში, დაბალ ფისკალურ პარამეტრებსა და ზოგადად, მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში.

ეკატერინე გუნცაძის განცხადებით, განახლებულ ანგარიშში Moody's-მა ქვეყნის რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო თავად რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე დატოვა.

სარეიტინგო სააგენტომ ასევე განაახლა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ის, ხოლო 2027 წლისთვის 5.5%-ის ფარგლებში გაიზრდება.

„განახლებული პროგნოზებით, ასევე მოსალოდნელია ისეთი ფისკალური პარამეტრების, როგორიცაა ფისკალური დეფიციტი და ვალი, კლებად და უსაფრთხო დონეზე შენარჩუნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს როლი შუა დერეფნის დაკავშირებადობის პროექტებში. კერძოდ, საუბარია ახლახან გახსნილ ისეთ ინიციატივებზე, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი და ფოთის პორტის გაფართოების პროექტი. ეკატერინე გუნცაძემ აღნიშნა, რომ ამ პროექტებში საქართველოს როლი უზრუნველყოფს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის დამატებითი ფაქტორების შექმნას.