თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 8 ფაქტი აღკვეთეს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათი ბარგისა და ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 1 კილოგრამამდე მალულად განთავსებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები ამოიღეს. არადეკლარირებული ძვირფასეულობის საერთო საბაჟო ღირებულებამ 186 560 ლარი შეადგინა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, 6 კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. რაც შეეხება კიდევ 2 მოქალაქეს, ისინი საბაჟო კოდექსის შესაბამისად, სანქციის სახით, ჯამში 17 502 ლარით დაჯარიმდნენ.