თბილისი (GBC) - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმეზე საჩივარი წარადგინა.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს პოლიტიკური პატიმარი, რომელმაც ეროვნულ დონეზე ყველა სასამართლო ინსტანცია ამოწურა. ეს რიგით მე-4 საჩივარია, რომელიც საიამ მზია ამაღლობელის უფლებების დაცვის მიზნით შეიტანა. საქმეში საიასთან ერთად ჩართულია ცნობილი ბრიტანელი ბარისტერი ედვარდ ფიცჯერალდი.

საჩივარი ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ასაბუთებს:

პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება (მე-18 მუხლი მე-6 მუხლთან ერთობლიობაში): საიას მტკიცებით, დევნა წარმოადგენდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას დამოუკიდებელი ჟურნალისტის დასასჯელად და საზოგადოების დასაშინებლად. ამას ადასტურებს მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები, სადაც მას განაჩენამდე „უცხოეთის აგენტად“ და დამნაშავედ მოიხსენიებდნენ.

  • სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა (მე-6 მუხლი): საჩივრის მიხედვით, ბათუმის საქალაქო, ქუთაისის სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების გადაწყვეტილებები ზედაპირულია. სასამართლომ სრულად უგულებელყო დაცვის მხარის არგუმენტები და 19 მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერი და მხოლოდ პოლიციელთა ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს დაეყრდნო. საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა კი მიუკერძოებლობა ვერ უზრუნველყო.
  • დაცვის უფლების ხელყოფა: ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 2025 წლის 6 აგვისტოს ბოლო სხდომაზე, მხარეებთან წინასწარი განხილვის გარეშე, წარდგენილი ბრალი (სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლი - პოლიციელზე თავდასხმა, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა) მოულოდნელად გადააკვალიფიცირა სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ). ამით მზია ამაღლობელს წაერთვა ახალი ბრალდების წინააღმდეგ ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობა.
  • უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა: გარდა მაღალჩინოსნების განცხადებებისა, პროცესის განმავლობაში ჟურნალისტის მოთავსება შუშის გალიაში („აკვარიუმში“) შეიარაღებული დაცვის თანხლებით, შეფასებულია როგორც ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სტიგმატიზაციის ინსტრუმენტი.

„საია ხაზგასმით აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებული საქმეები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ რეპრესიულ ანგარიშსწორებას. ეს საქმე არის ინდიკატორი იმისა, თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული მართლმსაჯულების სისტემა ხელისუფლების პოლიტიკური ნების აღსასრულებლად“, - განაცხადა თამარ ონიანმა.