თბილისი (GBC) - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 6 თვეში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) - 1276 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 4025 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 112%-ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 162 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 417 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 75 მოვაჭრეს - 198 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 202 281 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 132 საქმეზე - 114 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 82% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 5%, იმერეთი 4%, ქვემო ქართლი 2%, კახეთი 2%, სამეგრელო ზემო-სვანეთი 1% და სხვ.

მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 532 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 293, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 291, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 60, ხოლო სხვა დანარჩენზე - 100. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 70%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 11%, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3%, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 16%.