თბილისი (GBC) - რუსეთმა ევროკავშირთან დარჩენილი ბოლო სარკინიგზო სასაზღვრო გადასასვლელებიდან ზოგიერთში მოძრაობა შეაჩერა, - წერს POLITICO.
სამშაბათს საღამოს გამოცემული მთავრობის განკარგულება 1 ივლისიდან ფინეთთან, ესტონეთთან და ლატვიასთან რკინიგზით მგზავრების, სატრანსპორტო საშუალებების, საქონლისა და ტვირთების ყოველგვარ გადაადგილებას აჩერებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად შეატყობინა, თუმცა ამ „დროებითი“ დაკეტვის მიზეზი ან მისი გაუქმების ვადები არ განუმარტავს.
შეზღუდვა შეეხო ფინეთის მიმართულებით არსებულ პუნქტებს, მათ შორის, სანქტ-პეტერბურგის „ფინეთის სადგურს“, ვიბორგსა და სვეტოგორსკს ლენინგრადის ოლქში, ასევე ვიარცილიასა და ლიუტას კარელიაში. გარდა ამისა, დაიკეტა პეჩორის გადასასვლელი ესტონეთის საზღვარზე და პიტალოვო ლატვიის მახლობლად.
აღსანიშნავია, რომ ესტონეთისა და ლატვიის აღნიშნული პუნქტები აქამდე ფუნქციონირებდა, მაშინ როცა ფინეთის სარკინიგზო გადასასვლელებში მიმოსვლა მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და მოგვიანებით, ფინეთის მიერ „ინსტრუმენტალიზებული მიგრაციის“ გამო აღმოსავლეთ საზღვრის სრულად ჩაკეტვის გამო ისედაც შეჩერებული ან მინიმალური იყო.
POLITICO წერს, რომ ამ დროისთვის პირდაპირი ფრენები რუსეთსა და ევროკავშირს შორის კვლავ შეჩერებულია, ხოლო სახმელეთო გადასასვლელები შეზღუდულია. ეს განცხადება იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც რუსეთი NATO-სთან საზღვრის გასწვრივ სამხედრო ინფრასტრუქტურას აშენებს.
შვედური SVT-ისა და ნორვეგიული NRK-ის ერთობლივი გამოძიების მიხედვით, რუსეთი ფინეთის, ნორვეგიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებთან ახალ ყაზარმებს, საბრძოლო მასალის საწყობებსა და ლოგისტიკურ ობიექტებს აშენებს, სადაც უკრაინის ომის შენელების შემდეგ 115 000-მდე სამხედროს განთავსებას გეგმავს.