თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) პროკრედიტ ბანკს €25 მლნ-მდე (ლარში ექვივალენტი) არაუზრუნველყოფილ სესხს გამოუყოფს. 

სესხის მიზნობრიობა ქვეყანაში კერძო სექტორის - მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) დაკრედიტებაა, ასევე ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

გარდა ამისა, ტრანზაქცია ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას - დაფინანსებული ქვე-სესხების სულ მცირე 20% EBRD-ის Green Economy Transition (GET) მიდგომის მოთხოვნებთან შესაბამისი იქნება.

სესხის გაცემა EBRD-ის საბჭოს დამტკიცებული აქვს, დარჩენილია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპი.

ProCredit Bank Georgia (PCBG) წარმოადგენს საერთაშორისო ProCredit Group-ის წევრს. ბანკი საქართველოს საბანკო სექტორში 1999 წლიდან ოპერირებს და ძირითადად მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) ფინანსურ საჭიროებებს ემსახურება. ბანკი დაახლოებით 4,100 ბიზნესკლიენტსა და 8,200 ფიზიკურ პირს ემსახურება საქართველოს ხუთ ძირითად ქალაქში მდებარე 6 ფილიალის, 5 სერვისცენტრისა და თვითმომსახურების ზონების მეშვეობით. 2026 წლის აპრილის ბოლოს მდგომარეობით, ბანკი საქართველოს 19 ბანკს შორის მე-6 ადგილს იკავებდა და საბანკო სექტორის აქტივებისა და სასესხო პორტფელის 2.11%-ს, ხოლო დეპოზიტების 2.15%-ს ფლობდა.