თბილისი (GBC) – პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკული მედიასაშუალებების წინააღმდეგ მარეგულირებელი და სამართლებრივი რეპრესიების სასწრაფო შეწყვეტისკენ მოუწოდებს. გავლენიანი მედიადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, დამოუკიდებელ ტელემაუწყებლებზე მზარდი თავდასხმები ქვეყანაში პრესის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მორიგი ესკალაციაა.
IPI ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი, რომელსაც ორგანიზაცია „რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილად“ მოიხსენიებს, მედიის დასასჯელად არადამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებსა და სისხლის სამართლის მექანიზმებს იყენებს. შექმნილი კრიტიკული მოცემულობის გამო, ორგანიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობას მედიის თავისუფლების ნაშთების გადასარჩენად სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.
IPI-ის მკაცრი შეფასებების საფუძველი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მიერ ტელეკომპანია „პირველისა“ და „ფორმულას“ ფინანსური სანქცირება გახდა. მარეგულირებელმა „ტვ პირველი“ 25 ივნისს, ხოლო „ფორმულა“ 21 მაისს სარედაქციო სტანდარტების, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების დარღვევის მოტივით 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა.
კრიტიკული მედიასაშუალებების დასანქცირების მიზეზი ეთერში გაჟღერებული ისეთი ტერმინები გახდა, როგორიცაა ანტისამთავრობო აქციებზე დაკავებულთა მოხსენიება „სინდისის პატიმრებად“, მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ოლიგარქად“ აღწერა და მმართველი გუნდის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მმართველი პარტიის მიერ შეტანილ იმ სადავო ცვლილებებს, რომელთა საფუძველზეც აღნიშნული ჯარიმები გამოიწერა. აღნიშნული რეფორმით, კომისიას მიენიჭა უფლება თავად დაარეგულიროს ისეთი საკითხები, რაც მანამდე ჟურნალისტური საზოგადოების თვითრეგულირების სფეროს წარმოადგენდა.
კანონმდებლობა ახლა მარეგულირებელს საშუალებას აძლევს, დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მაუწყებლებს წლიური შემოსავლის 3%-მდე ჯარიმა დააკისროს ან ავტორიზაციაც კი გაუუქმოს, რასაც IPI ხელისუფლების ხელში კრიტიკული მედიის ცენზურის პირდაპირ იარაღად აფასებს.
ორგანიზაციის მონიტორინგის მიხედვით, 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიღებული რეპრესიული კანონების ფონზე, საქართველოში პრესის თავისუფლების ტემპი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად და საგანგაშოდ გაუარესდა.
ადმინისტრაციულ წნეხთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ პროკურატურის მიერ „ცრუ დასმენის“ მუხლით დაწყებული სისხლისსამართლებრივი გამოძიების გამო, რაც საქართველოში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის პირველი პრეცედენტია. საქმე მმართველი პარტიის მხარდამჭერი კინორეჟისორის საჩივრის საფუძველზე აღიძრა, რომელმაც იანვარში გასულ საგამოძიებო რეპორტაჟში მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებები გააპროტესტა. აღნიშნული რეპორტაჟის ავტორი და წამყვანი დავით ქაშიაშვილი, რომელმაც მანამდე სოციალურ ქსელში მუქარებიც მიიღო, პროკურატურამ მოწმის სახით უკვე დაკითხა.
IPI კატეგორიულად მოითხოვს, რომ პროკურატურამ გაითვალისწინოს გავრცელებული მასალის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა „ფორმულას“ წინააღმდეგ და სრულად დაიცვას ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალურობა.
