თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2%-ით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.08 პ.პ. შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (4.1%), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (1.7%);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.6%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.08 პ.პ.-ით აისახა. ფასები, ძირითადად, მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებასა (2.9%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.2%);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.3%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.1 პ.პ.-ით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-3.1%), ისე ფეხსაცმლის (-0.6%) ქვეჯგუფებზე;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.1%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07 პ.პ.-ით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-1.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-1.1%), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.7%). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.3%), თევზეული (1.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.5%), პური და პურპროდუქტები (0.1%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.1%).
საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.6%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.92 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8%), ხილი და ყურძენი (8.7%), პური და პურპროდუქტები (6.6%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.5%), ზეთი და ცხიმი (5.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (4.2%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.8%), რძე, ყველი და კვერცხი (1.8%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.4%);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.87 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (24%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (11.8%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.2%-ით, რაც 0.69 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.1%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (6.8%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (5.4%);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7%-ით, რაც ინფლაციაზე 0.4 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.5%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3%).
