თბილისი (GBC) - ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში შექმნილი კრიზისის განმუხტვისკენ მიმართულ დიპლომატიურ ძალისხმევას ამ ეტაპზე არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
ირლანდიაში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაოსნობის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და მიუღებელია საერთაშორისო მარშრუტებზე რაიმე სახის გადასახადის თუ მოსაკრებლის დაწესება.
განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის მიერ კუნძულ ლარაკის მახლობლად ირანულ პოზიციებზე განხორციელებული სამხედრო დარტყმები. ვაშინგტონის ცნობით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ სრუტეში საზღვაო ნაღმების ჩაშვებას გეგმავდა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრუტის გახსნასა და ნაოსნობის აღდგენაზე აცხადებს, კომერციული გადაზიდვები მკვეთრად შემცირებულია. ომამდე არსებული 130 გემის ნაცვლად, გასულ კვირას სრუტე მხოლოდ 24-მა გემმა გადაკვეთა.
ამასთან, ირანი და ომანი დროებითი საზღვაო დერეფნის შექმნას განიხილავენ, რაც უსაფრთხოების სპეციალური მოსაკრებლის დაწესებას ითვალისწინებს. აღნიშნული ინიციატივა პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოთხოვნას უპირობო და უფასო გადაადგილების შესახებ.
ჰორმუზის სრუტის კრიზისი ევროპისთვის სერიოზულ ეკონომიკურ საფრთხეს წარმოადგენს. ვინაიდან აღნიშნულ მარშრუტზე გლობალური ნავთობის მეხუთედი და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) 20%-ზე მეტი გადის, მიწოდების შეფერხება ენერგომატარებლების ფასების ზრდისა და ინფლაციის რისკებს ზრდის.
