თბილისი (GBC) - Galt & Taggart-ის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, 2026 წლის ივლისში თბილისში მოთხოვნა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე. განსაკუთრებული აქტივობა დაფიქსირდა მეორად ბაზარზე, სადაც გაყიდვებმა 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ მაჩვენებელს მიაღწია. სექტორში პოზიტიური დინამიკა გაუმჯობესებულმა სენტიმენტებმა და ხელსაყრელმა მაკროეკონომიკურმა ფაქტორებმა, მათ შორის ლარის კურსის გამყარებამ და საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ განაპირობა.
ამასთან, მიწოდების მხარეს გაგრძელდა გაცემული მშენებლობის ნებართვების საცხოვრებელი ფართობის ზრდა. მიუხედავად წლის დასაწყისში დაფიქსირებული კლებადი ტრენდისა, ჯამურად გაცემული ნებართვების ფართობი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს თითქმის გაუტოლდა. პარალელურად, ფასების მზარდი ტენდენცია დაფიქსირდა ორივე სეგმენტში: პირველად ბაზარზე ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა, ხოლო მეორად ბაზარზე, წინა თვეების სტაბილიზაციის შემდეგ, ღირებულებამ კვლავ მატება დაიწყო.
მოთხოვნა
2026 წლის ივლისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4,475 შეადგინა, აქედან:
- მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 18.8%-ით გაიზარდა და 2,294 შეადგინა (2026 წლის 7 თვეში +16.6% წ/წ), რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი თვიური ნიშნულია.
- პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 24.4%-ით გაიზარდა და 2,181 შეადგინა (2026 წლის 7 თვეში +19.9% წ/წ).
- Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის ივლისში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 14.8%-ით გაიზარდა (2026 წლის 7 თვეში +30.1% წ/წ).
2026 წლის 7 თვეში, თბილისში სულ 27,274 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+27.3% წ/წ).
მიწოდება
2026 წლის ივლისში, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობის მზარდი ტრაექტორია გაგრძელდა და წლიურად 50.3%-ით გაიზარდა (182,789 კვ.მ 17 საცხოვრებელ პროექტში). მიუხედავად წარსულში ზედიზედ 8 თვიანი კლებადი ტრაექტორიისა, ბოლო ორ თვეში მნიშვნელოვნად დაჩქარდა ნებართვების გაცემა, რის შედეგადაც 2026 წლის 7 თვეში ჯამურად გაცემული ნებართვების ფართობი წინა წლის ანალოგიურ დონეს თითქმის გაუტოლდა და წლიურად მხოლოდ 0.3%-ით არის შემცირებული.
ფასები
2026 წლის ივლისში, უძრავი ქონების ფასის ზრდის ტემპი პირველად ბაზარზე დაჩქარდა და თვიურად 0.7%-ით გაიზარდა 1,426 აშშ დოლარამდე. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 2%-ით გაიზარდა და 1,372 აშშ დოლარი შეადგინა.
ქირა
2026 წლის ივლისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულ მეტრზე $10.1 შეადგინა (+0.3% თვიურად), ქირის ამონაგებმა კი - 8.5%.
