Lion Finance Group ცენტრალური აზიის საბანკო ბაზარზე გაფართოებას გეგმავს
თბილისი (GBC) – ქართული ფინანსური ჯგუფი Lion Finance Group, რომლის მფლობელობაშია Bank of Georgia, ყაზახეთისა და უზბეკეთის ბაზრებზე მსხვილი ბანკების შეძენის გზით შესვლას განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg წერს.
ჯგუფი გაფართოებას ცენტრალური აზიის გარდა, ბალტიის ქვეყნებსა და ბალკანეთშიც განიხილავს.
როგორც Lion Finance Group-ის ხელმძღვანელმა არჩილ გაჩეჩილაძემ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, ჯგუფის ინტერესში მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების საბანკო სექტორის წამყვანი მოთამაშეები შედიან. საუბარია ბანკებზე, რომლებიც ეროვნული ბაზრების TOP-3 ან TOP-5-ში არიან.
„მცირე აქტივებს არ განვიხილავთ“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
Lion Finance Group-მა გაფართოების მსგავსი მოდელი უკვე გამოიყენა სომხეთში. 2024 წელს ჯგუფმა Ameriabank შეიძინა, რომელიც დღეს ჰოლდინგის მთლიანი აქტივების თითქმის მესამედს ქმნის.
ჯგუფის მენეჯმენტის გეგმით, სომხურ ბაზარზე Ameriabank-ის წილი საკრედიტო პორტფელში არსებული 23%-დან 30%-მდე, ხოლო დეპოზიტების ბაზარზე 20%-დან 30%-მდე უნდა გაიზარდოს.
ამასთან, დადებით დინამიკას აჩვენებს თავად Bank of Georgia-ს ფინანსური მაჩვენებლებიც. ბოლო ხუთ წელიწადში ჯგუფის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 740%-ით გაიზარდა, ხოლო ჰოლდინგის საბაზრო ღირებულებამ £5.8 მილიარდს, ანუ დაახლოებით $7.9 მილიარდს მიაღწია.
ამ ზრდის შედეგად Lion Finance Group FTSE 100-ის ინდექსში მოხვდა.
2026 წლის მეორე კვარტალში ჯგუფის საშუალო კაპიტალზე უკუგებამ (ROAE) 27% შეადგინა, ხოლო საკრედიტო პორტფელი მუდმივ ვალუტაში წლიურად 23%-ით გაიზარდა.
წყარო: Bloomberg.
