თბილისი (GBC) – გასული წლების მსგავსად, იტალიის მთავრობა წელსაც სთავაზობს დახმარებას იტალიაში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს. 2024-2025 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 63 თვის რაოდენობის სტიპენდია. სტიპენდიის ოდენობა თვიურად 1000 ევროს შეადგენს. ამის შესახებ საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

დიპლომატიური მისიის ცნობით, სამაგისტრო პროგრამებისთვის, AFAM-ს კურსებისთვის, დოქტორანტურისთვისა და პროექტებისთვის თანახელმძღვანელობით, გაიცემა 9 თვის ხანგრძლივობის სტიპენდია (9 თვიანი სტიპენდიის გამოყენება შესაძლებელია 2024 წლის 1 ნოემბრიდან 2025 წლის 31 ივლისამდე); ხოლო იტალიური ენისა და კულტურის კურსებისთვის გაიცემა 3 თვის ხანგრძლივობის სტიპენდია (მისი გამოყენება შესაძლებელია 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 30 სექტემბრამდე).

სასწავლო სტიპენდია გაიცემა შესარჩევი კრიტერიუმების დაკმაყოფილების საფუძველზე, კანდიდატებთან გასაუბრებისა და მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შედარებითი შეფასების შედეგად.

მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ და მხოლოდ პორტალის Study in Italy (https://studyinitaly.esteri.it/) მეშვეობით, 2024 წლის 14 ივნისის 16:00 საათამდე (საქართველოს დროით).