თბილისი (GBC) – საქართველოს პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭებათ. მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ მომზადებული ინიციატივა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებისთვის ადმინისტრაციული და სამეწარმეო ფუნქციების გაფართოებას, რაც აქამდე მხოლოდ დედაქალაქისთვის იყო დაშვებული.
მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, თბილისის გარდა სხვა თვითმმართველ ქალაქებს არ აქვთ უფლება შექმნან სსიპ-ები და განახორციელონ ისეთი საქმიანობა, როგორიცაა მშენებლობის ნებართვების დაჩქარებული გაცემა, გარე რეკლამის რეგულირება ან სხვა ფასიანი მუნიციპალური მომსახურება. ახალი პროექტის მიხედვით კი, სსიპ-ებს ქალაქის საკრებულო მერის წარდგინებით დააფუძნებს, ხოლო მის ხელმძღვანელს თანამდებობაზე მერი დანიშნავს და გაათავისუფლებს.
წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალური სსიპ-ები შესაძლოა შეიქმნას ურბანული განვითარების კონცეფციების შემუშავების, გენერალური გეგმების მომზადების, ქონების პრივატიზების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზებისა და პარკირების წესების რეგულირების მიზნით. ამასთან, თვითმმართველი ქალაქის საკრებულო უფლებამოსილი იქნება, მერის წინადადების საფუძველზე, თავად დაადგინოს ამ მომსახურებების გაწევისთვის საჭირო საფასური.
კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მათ შორის ირაკლი ქადაგიშვილი, ნინო წილოსანი და დიმიტრი სამხარაძე არიან. ცვლილებების ამოქმედება თვითმმართველ ქალაქებს საშუალებას მისცემს უფრო მოქნილად მართონ ადგილობრივი რესურსები და დააჩქარონ ინფრასტრუქტურული თუ სერვისული პროექტების განხორციელება.