თბილისის (GBC) - ვიქტორ ორბანი წავიდა და მისი გვირგვინი, როგორც ევროკავშირის მთავარი „ამრევის“, ბევრისთვის მოულოდნელად ვაკანტური გახდა. ამის შესახებ POLITICO წერს

სტატიის ავტორის თქმით, ხელისუფლების გადაბარება ხდება დელიკატურ მომენტში, როდესაც ბლოკი ერთიანობას ეყრდნობა სანქციების, ბიუჯეტებისა და სხვა გადაწყვეტილებების გასატანად, რომლებიც კვლავ ერთსულოვნებას მოითხოვს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ორბანის დამარცხების შემდეგ დრო არ დაკარგა და უკვე წამოაყენა წინადადება ევროკავშირის კენჭისყრის წესების შეცვლის შესახებ, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი „შეფერხებები“.

POLITICO წერს: წლების განმავლობაში, უნგრეთის თავხედი პრემიერ-მინისტრი თავის ვეტოს იყენებდა საკვანძო ინიციატივების შესაფერხებლად, განსაკუთრებით უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების საკითხში. კვირას,  არჩევნებში გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, მას მალე პეტერ მადიარი ჩაანაცვლებს - ცენტრისტულ-მემარჯვენე ფიგურა, რომელმაც ბრიუსელთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა. ზოგიერთი იმედოვნებს, რომ მადიარის გამარჯვება კონსენსუსის მიღწევას გააადვილებს. „ჩემი შთაბეჭდილებით, სისტემური და სტრუქტურული ამრევის პოლიტიკური ბიზნესმოდელი [ორბანის პარტია] Fidesz-ის მძიმე საარჩევნო მარცხთან ერთად ჩამოიშალა“, - განაცხადა დიპლომატმა ევროკავშირიდან, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

თუმცა, ორბანის წასვლა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფონ დერ ლაიენი ან კიევი შვებით ამოისუნთქავენ. ევროპულ საბჭოში, სადაც გადაწყვეტილებების მისაღებად 27-ვე ქვეყნის ლიდერი იკრიბება, კვლავ რჩება ორბანის რამდენიმე მოკავშირე და რამდენიმე პოტენციური ახალი „წინააღმდეგობის კერა“.

POLITICO გთავაზობთ იმ ხუთ ლიდერს, რომლებიც, სავარაუდოდ, ორბანის ესტაფეტას გადაიბარებენ და ბლოკისთვის მორიგ „თავის ტკივილად“ იქცევიან.

თანაშემწე: სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პრემიერი ხშირად იყო ორბანის ერთგული პარტნიორი ვეტოს საკითხებში - ის უერთდებოდა თავის პრორუს კოლეგას მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ბლოკირებაში და ითხოვდა გამონაკლისს უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს სესხიდან. ორბანის წასვლის შემდეგ, ფიცო რჩება კრემლის უახლოეს და შესაძლოა, უკანასკნელ - მეგობრად ევროკავშირში.

„მე დაინტერესებული ვარ ვიყო კონსტრუქციული მოთამაშე ევროკავშირში, მაგრამ არა სლოვაკეთის რესპუბლიკის ხარჯზე“, - განაცხადა ფიცომ გასულ ზაფხულს.

ფიცომ გასულ თვეში გააფრთხილა ბრიუსელი, რომ თუ უნგრელი არჩევნებს წააგებდა, შესაძლოა თავად დაედო ვეტო კიევისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ტრანშისთვის. ბუდაპეშტი თვეების განმავლობაში ბლოკავდა ამ თანხების გაცემას, რაზეც შეთანხმება დეკემბრის სამიტზე მოხდა, კიევთან დავის გამო, რომელიც ცენტრალურ ევროპაში რუსული ნავთობის ტრანსპორტირების დაზიანებულ მილსადენს ეხებოდა, როგორც POLITICO წერს,  მაგიარმა ორშაბათს მიანიშნა, რომ ევროკავშირს გზაზე არ გადაეღობება. ვინაიდან მილსადენი ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის აპრილის ბოლომდე არ შეკეთდება - ახლა საკითხავი ისაა, შეასრულებს თუ არა ფიცო თავის მუქარას, აიღებს თუ არა ორბანისგან ესტაფეტას თანხების დასაბლოკად, თუ ევროკავშირის საერთო ხაზს დაჰყვება. სლოვაკეთის ლიდერი აქამდე სანქციების საკითხში ყოველთვის უკან იხევდა და უერთდებოდა ევროკავშირის ერთობლივ განცხადებებს უკრაინის მხარდასაჭერად.

პოპულისტი მილიარდერი: ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, 71 წლის მილიარდერმა, რომელსაც „ჩეხ ტრამპს“ უწოდებენ და რომელიც დეკემბრიდან ულტრამემარჯვენეებთან კოალიციაში მართავს ქვეყანას, უკვე გამოავლინა ორბანის სტილის მიდრეკილებები. ბაბიში იყო ერთ–ერთი ლიდერი ორბანთან და ფიცოსთან ერთად, რომელმაც უკრაინისთვის 90 მილიარდიანი სესხიდან გამონაკლისი მოითხოვა. მან ასევე მოითხოვა კიევის დახმარების შემცირება, თუმცა საბოლოოდ უკან დაიხია და ჩეხეთის „საბრძოლო მასალების ინიციატივა“ არ გააუქმა. ბაბიშს, რომლის კოალიციაშიც შედის ანტი-მწვანე პარტია „მოტორისტები“, ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკა მიზანში აქვს ამოღებული. ის აკრიტიკებს ბლოკის ნახშირბადის ნებართვების სქემას და ამტკიცებს, რომ ის ჩეხურ მრეწველობას კლავს.

ბაგირზე მოსიარულე: იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი

იტალიის ლიდერი, ხელისუფლებაში მოსვლიდან სამ წელზე მეტია, ბრიუსელთან ურთიერთობაში პრაგმატიზმის სახიფათო ბაგირზე გადის: ის ცდილობს, თავისი მემარჯვენე, ნაციონალისტური პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე პროევროპულ კურსთან დააბალანსოს. სხვა ლიდერებთან, მათ შორის დანიელ მეტე ფრედერიკსენთან ალიანსით, მელონიმ სცადა ევროკავშირის მიგრაციის წესების გამკაცრება არა ობსტრუქციონიზმით, არამედ კონსენსუსის გზით. ევროკავშირის ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, მელონიმ დაამტკიცა, რომ ორბანისგან „სრულიად განსხვავებული ყაიდის“ პოლიტიკოსია. თუმცა, მეორე დიპლომატი გვაფრთხილებს, რომ ის უნგრელი კოლეგის იმავე პოლიტიკურ ოჯახს მიეკუთვნება და მისი ჩამოწერა არ შეიძლება.

„ბოლო ევროპულ საბჭოზე ერთადერთი, ვინც ორბანს დაეთანხმა, სწორედ მელონი იყო“, - აღნიშნა მეორე დიპლომატმა და მიანიშნა იტალიის ლიდერის აღიარებაზე სხვა ლიდერებთან, რომ მარტის სამიტზე მისთვის გასაგები იყო ორბანის პოზიცია უკრაინის სესხთან დაკავშირებით. – „აშკარაა, რომ მათ შორის იდეოლოგიური კავშირი არსებობს“.

დაბრუნებული პოპულისტი: სლოვენიის იანეზ იანშა

სლოვენიის ყოფილი მრავალგზის პრემიერ-მინისტრი, მემარჯვენე პოპულისტი და ტრამპის თვითაღიარებული თაყვანისმცემელი, რომელსაც ჟურნალისტებთან დაპირისპირება უყვარს, გასული თვის დრამატულ და ჯაშუშობის სკანდალით დაჩრდილულ არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა - მხოლოდ ერთი მანდატის სხვაობით. POLITICO წერს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა იანშა ან მოქმედი პრემიერი რობერტ გოლობი სამთავრობო კოალიციის შეკვრას.

იანშა, რომელსაც ხანდახან „მინი-ტრამპს“ უწოდებენ, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ევროკავშირის მზარდ პოპულისტურ კლუბს შეუერთდება. თუმცა, უკრაინის საკითხში იანშასა და ორბანს (ან თუნდაც ფიცოს) შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა: სხვა საკითხებში უნგრელთან ალიანსის მიუხედავად, იანშა მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველსავე დღეებში ეწვია კიევს მხარდასაჭერად.

ბულგარული „ველური ბანქო“: რუმენ რადევი

ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი იანვარში გადადგა, რათა ახალი პარტია დაეარსებინა და კვირას დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. POLITICO-ს გამოკითხვების თანახმად, ის გამარჯვების გზაზეა, რაც სოფიაში მრავალწლიანი პოლიტიკური პარალიზის შემდეგ შესაძლო გარღვევა იყოს.

ეს შეიძლება პრობლემა აღმოჩნდეს უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეებისთვის. 2025 წელს რადევმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან ომში „განწირულია“ და ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის სამხედრო დახმარების გაზრდა, ან კიევისთვის „მეტი იარაღის მიწოდება“, გამოსავალი არ იყო. მან ასევე დაადანაშაულა ევროპელი ლიდერები კიევის კონტრშეტევის წახალისებაში და თქვა, რომ ამან უკრაინაში „ასობით ათასი მსხვერპლი“ გამოიწვია.

რადევის კრემლისადმი სიმპათიებმა მას ზელენსკისგან მწვავე პასუხი მოუტანა 2023 წელს სოფიაში გამართული სატელევიზიო დებატებისას. „თქვენ იტყოდით: პუტინ, გთხოვ, აიღე ბულგარეთის ტერიტორია?“ - ჰკითხა ზელენსკიმ. დაბნეულ რადევს პასუხის გაცემა გაუჭირდა.