თბილისი (GBC) - პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით, 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ოთხშაბათის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, გადაწყვეტილება ბიზნესსექტორთან აქტიური კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული. მიზეზად დასახელდა კერძო სექტორის ინტერესები და რეგულაციის შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე.
„პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს... თუმცა, ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის ბიზნესის სუბიექტური ინტერესები, ასევე, კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცვლილებები და მოქმედი რეგულაციები
თავდაპირველი გეგმით, პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტისა), იმპორტი და რეალიზაცია 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო. მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნულმა ვადამ 4 წლით გადაიწია.
მიუხედავად ამისა, რეგულაციის სხვა ნაწილები ძალაში რჩება:
- 2026 წლის 1 ივლისიდან: საზოგადოებრივი კვების ობიექტებს (რესტორნები, სასადილოები, ჯიხურები, ტრანსპორტი) აეკრძალებათ მომხმარებლისთვის სასმლის მიწოდება პლასტმასის ბოთლებით.
- უკვე მოქმედი აკრძალვა: აკრძალულია მზა სურსათის მიწოდება ერთჯერადი პლასტმასის კონტეინერებითა და ჭიქებით.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები არ ვრცელდება ექსპორტისთვის განკუთვნილ პროდუქციასა და დაფასოებული სურსათის შესაფუთ ნაკეთობებზე. პრემიერის განცხადებით, პლასტმასის მოხმარების შემცირების პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.