თბილისი (GBC) – სომხეთის თხოვნით, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის 5.5-კილომეტრიან მონაკვეთს გადაიტანენ, რის შესახებაც შესაბამისი განაცხადი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში უკვე შევიდა, იუწყება სომხური მედია.
დოკუმენტაციის თანახმად, გაზსადენის მდებარეობის ცვლილება სომხური მხარის მოთხოვნას უკავშირდება, ვინაიდან მილსადენის სომხური მონაკვეთი საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის სამმხრივ სასაზღვრო ზონაში მდებარეობს და 90-იან წლებში დაინაღმა.
გადატანის დასაბუთების თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ მონაკვეთზე შეუძლებელია უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვა და სარემონტო სამუშაოების ჩატარება, სამმხრივი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა გაზსადენის ხსენებული პრობლემური მონაკვეთის დანაღმული ზონიდან გატანა და ახალი მილსადენის უსაფრთხო მანძილზე მშენებლობა.
გაზსადენი რამდენიმე კილომეტრით გადაიწევს და სომხური მხარის მიერ გაყვანილ ახალ მილს შეუერთდება.