თბილისი (GBC) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს პიტერ ანდრეოლის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო. ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან  ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული" (Jan De Nul) ახორციელებს.

მინისტრის მოადგილემ ამერიკულ დელეგაციას დეტალურად გააცნო პროექტის განხორციელების ეტაპები და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას.

თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური წარმოადგენს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ საკვანძო პროექტს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტიან ფუნქციონირებაში, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული ჰაბის, პოზიციონირებაში.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ნავსადგურის გენერალური გეგმა და საზღვაო ინფრასტრუქტურის დიზაინი, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს ნავსადგურის სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები.

საზღვაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, განხილვის საგანი იყო სარკინიგზო სექტორიც - აღინიშნა, რომ რკინიგზა წარმოადგენს შუა დერეფნის კრიტიკულ რგოლს. ამასთან, თამარ იოსელიანმა დელეგაციას სარკინიგზო სექტორში დაგეგმილი პროექტები და ის მსხვილი ინვესტიციები გააცნო, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება. მათ შორისაა ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტი. აღნიშნული პროექტები ერთობლიობაში ქმნის მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემას და უზრუნველყოფს დერეფნის გამტარუნარიანობისა და ოპერაციული ეფექტიანობის მნიშვნელოვან ზრდას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის", სს „საქართველოს რკინიგზისა" და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.