თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელ დირექტორად გოგიტა თოდრაძე მეორე ვადით დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, თოდრაძე აღნიშნულ პოზიციაზე სპეციალური სამთავრობო კომისიის მიერ ჩატარებული კონკურსის წესით შეირჩა.
გოგიტა თოდრაძე, რომელიც საქსტატს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, უფლებამოსილების შესრულებას ახალი, ოთხწლიანი ვადით 2026 წლის 3 მაისიდან შეუდგება. ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხის მქონე ჩინოვნიკს უწყებაში მუშაობის თითქმის 25-წლიანი გამოცდილება აქვს, სადაც კარიერა 2002 წელს ეკონომისტის პოზიციაზე დაიწყო.
კარიერის განმავლობაში თოდრაძეს ეკავა ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსისა და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობები. პარალელურად, იგი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სტატისტიკურ საქმიანობაში, მათ შორის 2025 წლიდან იკავებს UNECE-ის ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის ბიუროს წევრისა და ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას, ხოლო 2020-2022 წლებში გაეროს UNESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარე იყო.
გარდა საჯარო სამსახურისა, გოგიტა თოდრაძეს აქვს მრავალწლიანი აკადემიური გამოცდილება — იგი არის GIPA-ს ასოცირებული და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. კანონმდებლობის შესაბამისად, საქსტატის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, რაც მონაცემთა წარმოების უწყების მართვის უწყვეტობას უზრუნველყოფს.