თბილისი (GBC) - პოლიციამ საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორია დატოვა და აქციის მონაწილეების განეიტრალება დაიწყო. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. დაკავებულთა შორისაა ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც მარტის აქციების მონაწილეა. "დიახ მეგობრებო, ლაზარე ისევ დაიჭირეს და ჩვენც მიგვაყოლებენ,თუ ეს დამპალი რეჟიმი არ გაუყენეთ ციმბირის გზას!" - წერს ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე სოციალურ ქსელში.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანთან, სპეციალური დანიშნულების რაზმი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
ადგილზე ასევე განთავსებული,ა წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო დახმარების მანქანები.
ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ შსს-მ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
"საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი.
სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს," - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით "რუსულ კანონად" წოდებული სადავო კანონპროექტი დღეს, 14 მაისს მიიღო, რომელსაც 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.