თბილისი (GBC) – იანვარ-აგვისტოში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, რკინიგზასა და სამოქალაქო ავიაციაში გადაზიდვების მიმართულებით ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 8 თვის განმავლობაში 13.7 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 24%-ით მეტია.

ამავე პერიოდში ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 554 174 TEU შეადგინა, რაც წლიურად 9%-იანი ზრდაა. ორივე მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში იანვარ-აგვისტოს პერიოდისთვის რეკორდულია.

სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 9.7 მილიონ ტონას მიაღწია, რაც 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 11%-იანი ზრდაა. უშუალოდ ტრანზიტის რეჟიმში გადაზიდული ტვირთების მოცულობა 14%-ით გაიზარდა.

საჰაერო გადაზიდვების მიმართულებით, საქართველოს აეროპორტებში 8 თვის განმავლობაში 29.3 ათასი ტონა ტვირთი გადამუშავდა, რაც წლიურად 30%-ით მეტია და ასევე ბოლო ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

ზრდა დაფიქსირდა მგზავრთნაკადშიც. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები იანვარ-აგვისტოში 5.7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 1%-ით მეტია და ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი რვა თვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამასთან, მხოლოდ აგვისტოში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ მომსახურებული მგზავრების რაოდენობამ თვიური რეკორდი განაახლა.