თბილისი (GBC) – საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ცვლილებებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში, თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად. საკანონმდებლო ინიციატივა 2025 წლის 1 მაისის შემდგომ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, თუკი ისინი საპენსიო შენატანებსა და საურავებს 2026 წლის 31 დეკემბრამდე სრულად დაფარავენ.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, პირველ და განმეორებით შემთხვევებში მოქმედი 500 და 1000-ლარიანი ჯარიმის ოდენობა 300 ლარამდე მცირდება. ამასთან, შესაძლებელი ხდება საპენსიო შენატანისა და დარიცხული სარგებლის ეტაპობრივი გადახდა 18 თვემდე ვადით. საპენსიო ფონდში იქმნება დავების განხილვის სპეციალური სამსახური, ხოლო შენატანის 10 დღეში დაფარვის შემთხვევაში ჯარიმა გაუქმდება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, საპენსიო ამნისტია 13 500 მეწარმეს შეეხება და მისი ჯამური მოცულობა დაახლოებით 43 მილიონ ლარს შეადგენს.

საკანონმდებლო ცვლილებების მეორე ნაწილი ფიზიკური პირების ქონების გადასახადისგან გათავისუფლების წესს ცვლის. „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული პროექტით, ქონების გადასახადის დასაბეგრი შემოსავლის ზღვარი მოქმედი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განმარტებით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა სწორედ იმას ემსახურება, რომ ცვლილებები მოქალაქეთა მიერ 2025 წელს მიღებულ შემოსავლებსა და დასაბეგრ ქონებას შეეხოს. არსებული წესით, მოქალაქეებმა 2026 წლის 1 ნოემბრამდე უნდა შეავსონ 2025 წლის ამსახველი დეკლარაცია, ხოლო დარიცხული გადასახადი 15 ნოემბრამდე გადაიხადონ. შესაბამისად, ის პირები, რომელთა შემოსავალი 2025 წელს 100 000 ლარს არ აღემატებოდა, 2026 წელს ქონების გადასახადს აღარ გადაიხდიან.

შემოსავლების სამსახურის უფროსის, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, დასაბეგრი ზღვრის აწევის შედეგად ქონების გადასახადისგან 81 ათასი ოჯახი გათავისუფლდება, ხოლო შეღავათის ჯამური ფინანსური ეფექტი 22 მილიონ ლარს მიაღწევს.