თბილისი (GBC) - საქართველოს ლარში დენომინირებული სახელმწიფო ობლიგაციები J.P. Morgan-ის ახალ საერთაშორისო ინდექსში, GBI-EM Edge-ში, ჩაერთო და მისი 1.79% დაიკავა.

J.P. Morgan-ის ინფორმაციით, ახალი ინდექსის საბაზრო ღირებულება $328 მილიარდია და ის 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ 425 ინსტრუმენტს მოიცავს.

GBI-EM Edge განვითარებადი ფინანსური ბაზრების სახელმწიფო ობლიგაციების ახალი ინდექსია, რომლის მიზანიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით გამორჩეული ბაზრების დინამიკის ასახვაა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ქვეყნის ჩართვა ინდექსში ნიშნავს, რომ ლარში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ბენჩმარკის ნაწილი გახდა. ასეთ ინდექსებს გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საინვესტიციო ფონდები პორტფელების სტრუქტურირებისას იყენებენ.

საქართველოს ახალი ინდექსის შემადგენლობაში მოხვედრა ეფუძნება ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ადგილობრივ ობლიგაციების ბაზარზე წვდომის სტანდარტების გაუმჯობესებას.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ინდექსში მონაწილეობა ასევე ასახავს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს, მათ შორის ადგილობრივი ბაზრის ზომის ზრდასა და საერთაშორისო ინდექსებისთვის შესაბამისი ბენჩმარკების შექმნას.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება, რომელშიც, სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ინვესტორების მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.

ახალ ინდექსში საქართველოს ჩართვამ შესაძლოა გაზარდოს საერთაშორისო ინდექსებზე ორიენტირებული ფონდების ინტერესი ლარში დენომინირებული სახელმწიფო ობლიგაციების მიმართ.