თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის ორგანიზებით თბილისში 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა პირველ 7 თვეში საქართველოს ეკონომიკის 7,9%–იან ზრდას.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური მდგრადობა შეინარჩუნა. მისი თქმით, 2021-2025 წლებში რეალური მშპ-ის საშუალო წლიური ზრდა 9.3% იყო.
პრემიერის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი მაღალპროდუქტიული სექტორებია, მათ შორის ინფორმაცია და კომუნიკაცია, ფინანსური მომსახურება და ტრანსპორტირება.
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა. მისი თქმით, ინფლაციაზე გავლენა ძირითადად საგარეო ფაქტორებმა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგად ნავთობის გლობალური ფასების ზრდამ მოახდინა.
„2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს სავალუტო რეზერვები გაორმაგდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავაც. მისი განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრა რეგიონში ცენტრალურ ბანკებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ J.P. Morgan-ის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.
