თბილისი (GBC) – საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილში 37 800 კოლოფი უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს, რომლის საბაზრო ღირებულება 177 660 ლარს შეადგენს.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ფაქტი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ანალიტიკური მუშაობისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად გამოავლინა.
უწყების ცნობით, ლიეტუვაში რეგისტრირებული საერთაშორისო გადამზიდავი სატვირთო ავტომობილი საქართველოს ტერიტორიაზე „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა. დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილში მაკარონის ნაწარმი იყო განთავსებული, ხოლო ტვირთის საბოლოო დანიშნულების ქვეყანა სლოვაკეთი იყო.
რისკის შეფასებისა და ანალიზის შედეგად, სატვირთო ავტომობილი დეტალური საბაჟო კონტროლისთვის შეაჩერეს. ტვირთის გახსნისას მაკარონის ნაწარმს შორის მალულად განთავსებული სხვადასხვა დასახელების, ბელორუსული წარმოების სიგარეტი, მათ შორის „NZ“ და „MINSK“ აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
