თბილისი (GBC) – USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი საქართველოს პარლამენტის მიერ სამშაბათს, 14 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას გმობს და აცხადებს, რომ ეს საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას ძირს უთხრის.

პაუერი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ძალისხმევა ქართველი ხალხის ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს მორგებულ ინიციატივებზე გადაიტანოს.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერად გამართულ კენჭისყრას, რომელიც საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას ძირს უთხრის და საბოლოოდ, მათ მიერ ქართველი ხალხისთვის საჭირო მომსახურების გაწევის გაგრძელებას გაართულებს. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ მსგავსი კანონმდებლობის ზეგავლენით ორგანიზაციებზე, რომლებიც ადგილზე დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებლად და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის აუცილებელ სამუშაოს ასრულებენ. როგორც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, აღნიშნულმა კანონმა საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პერსპექტივები შეიძლება შეაფერხოს, ძალისხმევა, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. ასევე, ეს საფრთხეს შეუქმნის მრავალწლიან ორმხრივ პარტნიორობას - პარტნიორობას, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და რა დროშიც USAID-მა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, რომელიც ორმხრივ ინტერესსა და დემოკრატიისადმი საერთო ვალდებულებაზეა აგებული. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ყოველგვარი ესკალაციისგან ან ძალადობრივი ქმედებებისგან და საქართველოს მთავრობას, ძალისხმევა იმ ინიციატივებისკენ მიმართოს, რომლებიც ქართველი ხალხის ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს აკმაყოფილებს“, - ნათქვამია სამანტა პაუერის განცხადებაში.

ოცნების დეპუტატებმა სამშაბათის სხდომაზე 84 ხმით საბოლოოდ დაამტკიცეს ე.წ. რუსული კანონი, რომელიც ხელმოსაწერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეგზავნა. პრეზიდენტმა კანონის დამტკიცებამდე განაცხადა, რომ დოკუმენტს ვეტოს დაადებს.

პარლამენტის მიერ კანონის დამტკიცებას მრავალათასიანი საპროტესტო ტალღა მოჰყვა თბილისის ცენტრსა და სხვადასხვა უბნებში. სპეცრაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეები დააკავეს და რამდენიმე აქტივისტს სასტიკად სცემეს. მათ შორის აქტივისტ დავით ქაცარავას სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული და სასწრაფოდ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

პოლიციის სპეცრაზმმა წუხანდელ აქციაზე ხელმეორედ დააკავა წინა წლის აქციების დროს დაკავებული, 9 წელ მისჯილი და შემდეგ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული აქტივისტი ლაზარე გრიგორიადისი. მისი ადვოკატის თქმით, დაკავებულ გრიგორიადისს ვიდრე პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ, სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს, დააგდეს ასფალტზე და ურტყამდნენ. მისივე თქმით, გრიგორიადისს სახისა და თავის არეში აქვს მიყენებული მრავლობითი დაზიანება.

„ქართული ოცნების“ არ წყდება კრიტიკული განცხადებები დასავლეთის ქვეყნებიდანაც. 11 ამერიკელი სენატორი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ღრმად იმედგაცრუებულები არიან, თუმცა ინარჩუნებენ ქართველი ხალხის რწმენას, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის იბრძვიან.