თბილისი (GBC) – ექსპოჯორჯიაში უძრავი ქონების კვირეული მიმდინარეობს, რომელიც დღეს, 26 აპრილს დაიწყო და 28 აპრილს, კვირას დასრულდება. კვირეულზე წარმოდგენილია 40-ზე მეტი დეველოპერული კომპანია, 85 - სამშენებლო კომპანია, 120 - საბროკერო კომპანია.  GBC ესაუბრა  კომპანია „Graphenstone“ (ბუნებრივი საღებავები და დაფარვები) კომერციულ დირექტორს დავით გოგიაშვილის, რომელმაც ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ლაქ–საღებავების სეგმენტში უპირობო ლიდერები არიან. „ჩვენ ვართ სადღაც - ევერესტზე, სხვები არიან - თრიალეთის ქედზე“, – გვითხრა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა.

კვირეულში მონაწილეობას იღებენ როგორც დიდი, ისე პატარა კომპანიები, რომლებიც ქართულ სამშენებლო ბაზარზე ახლა შემოდიან. მაგალითად, „Graphenstone“ ესპანური ბრენდია, რომელიც 70 ქვეყანაში ოპერირებს. შესაბამისად, პროდუქცია შემოაქვს მხოლოდ ესპანეთიდან. კომპანია ესპანეთში 2005 წელს დაფუძნდა და საკუთარი ინოვაციური ტექნოლოგიით აწარმოებს საღებავებს. 

„ჩვენი პროდუქტების უმეტესობა შეიცავს 100%-ით შინამრეწველურ ესპანურ კირს, რომელიც მზადდება ხის გამოსაწვავ ღუმელში. ამიტომ, მასალას გააჩნია სითეთრე, იგი 98%-ით  არის თეთრი. ამასთან,  არ შეიცავს არანაირ დანამატებს, არანაირ ნავთობ პროდუქტებს, არანაირ პლასტიკატებს“, – ამბობს გოგიაშვილი.

კომპანია ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. როგორც დავით გოგიაშვილი აღნიშნავს, „Graphenstone“ ექსპოჯორჯიას გამოფენაში პირველად იღებს  მონაწილეობას, რადგან მისი შემოსვლიდან მალევე დაიწყო პანდემია და ბაზარზეც აქტიურად ვერ იყვნენ წარმოდგენილი.

„1 კვადრატული მეტრის შესაღები  საღებავის ფასი, თავისი გრუნტით, არის დაახლოებით 5 ლარი. ამიტომ, სავსებით ვჯდებით იმ საფასო კატეგორიაში, რომელიც არსებობს ბაზარზე, მაგრამ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ პროდუქციის ხარისხით, რასაც ჰქვია ეკოლოგიურობა“, – გვითხრა გოგიაშვილმა.

ცნობისთვის, უძრავი ქონების კვირეული არის ექსპოჯორჯიასა და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის (GNARE) მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიება. ის ხელს უწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც გულისხმობს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას, Ხოლო ბიზნესისთვის გაყიდვების ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრებზე.