თბილისი (GBC) - თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა GBC-სთან აცხადებს, რომ თხილის ხარისხის გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი აუცილებელი და საჭირო მექანიზმია ფაროსანასთან აქტიური ბრძოლა. მისივე თქმით, ცივ სეზონზე, "ფაროსანა როდესაც იმყოფება სადგომებში, სახლების სახურავებში, ან სოფლად, რაიმე ტიპის სადგომში, აუცილებელია შეიწამლოს შენობები, რათა ნაკლებმა ფაროსანამ მოახერხოს გაზაფხულზე გამოსვლა და გამრავლება".
სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2025 წელსაც გაგრძელდება და ბიუჯეტიდან მეთხილე ფერმერების სუბსიდირებისთვის 23 მილიონი ლარი გამოიყო. ეს დახმარება მათ შორის ფაროსანასთან ბრძოლასაც გულისხმობს.
2024 წელს მეთხილე ფერმერების ხელშეწყობას 21.5 მილიონი ლარი მოხმარდა. პროგრამის ამოქმედების პირველ - 2023 წელს კი ამ მიზნით სახელმწიფომ 21 მილიონი ლარი დახარჯა.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს, ქვეყნის მასშტაბით ამ პროგრამით 95 ათასამდე ფერმერი სარგებლობდა. თხილის კადასტრში დარეგისტრირდა 45,000 ჰექტარზე მეტი ფართობის თხილის ბაღები.
სააგენტოს ცნობით, თხილის კადასტრში რეგისტრაციის პროცესი გრძელდება. მეთხილე ფერმერებმა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შესაძენად განკუთვნილი ფინანსური დახმარების მისაღებად, თხილის კადასტრში თხილის ბაღები 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით უნდა დაარეგისტრირონ.
ბოლო პერიოდში ქართული თხილის ექსპორტიდან მიღებული რეკორდული შემოსავლის შეფასებისას ლევან ქარდავა ამბობს, რომ შემოსავლის გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე ფასის მატებამ განაპირობა.
"საერთაშორისო ბაზარზე მოიმატა თხილის ფასმა. წლიურ ჭრილში დაახლოებით, 20-დან 25%-მდე. აქედან გამომდინარე, საქართველოდან დაექსპორტებული თხილის ფასმაც იმატა", - აღნიშნავს ლევან ქარდავა.
მისივე თქმით, რადგან თხილის სეზონი აგვისტოდან აგვისტომდე გრძელდება, ამ ეტაპზე ფერმერებისთვის მიმდინარეობს 2024 წლის სეზონი, რომელიც ამოწურვის პროცესშია და რეალიზაცია, სავარაუდოდ, აპრილში უნდა დასრულდეს.
"ალბათ აპრილის ბოლომდე სრულად იქნება რეალიზებული თხილის შარშანდელი მოსავალი, ხოლო 2025 წლის ნედლეულს ველოდებით აგვისტოს თვეში. ამიტომ, ახალი მოსავლის პროგნოზირება ჯერ ძალიან ადრეა. დაახლოებით აპრილსა და მაისში გვეცოდინება, რა სიტუაცია გვექნება ამ მხრივ თხილის ბაზარზე 2025 წელს", - განაცხადა ლევან ქარდავამ.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოდან ექსპორტზე $100.7 მლნ-ის თხილი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით $16.4 მლნ-ით მეტია.
2024 წლის 1–ლი აგვისტოდან 2025 წლის 26 იანვრის ჩათვლით 12.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 73.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 1.7 ათასი ტონით (17%-ით), ხოლო ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი - 19.7 მლნ აშშ დოლარით (37%-ით) გაიზარდა.
აღნიშნულ პერიოდში თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 17%-ით გაიზარდა და 1 კილოგრამზე $6.01 შეადგინა.