თბილისი (GBC) - "თბილისის ფინანსური სამიტის" მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ბევრი მიზეზის გამო, თუმცა ყველაზე მთავარი ის ფაქტია, რომ სამიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვეძლევა, შევხვდეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებს და ვიმსჯელოთ, ვიმუშაოთ და ვითანამშრომლოთ სხვადასხვა პროექტების მიმართულებით", - ამის შესახებ ბოსნია და ჰერცოგოვინას ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ემირ კურტიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა მსგავსი მასშტაბური და მნიშვნელოვანი სამიტების ორგანიზებისთვის.

„ცალსახაა, რომ საქართველო, თბილისი, მისი გეოსტრატეგიული მდებარეობა და პოზიცია სრულიად ლოგიკურს ხდის იმას, რომ ჩვენ ყველანი ახლა აქ ვართ და ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა წინაშეც ვდგავართ", - აღნიშნა ემირ კურტიჩმა.

მისივე თქმით, გლობალური გამოწვევებისა და რისკების ფონზე, მისასალმებელია, რომ საქართველო ძალიან წარმატებული ქვეყანაა  ეკონომიკის კუთხით და ეკონომიკური ზრდა შთამბეჭდავია.

„ვისურვებდი, ჩემმა ქვეყანამაც მიაღწიოს საქართველოს ეკონომიკური ზრდის დონეს. ამჟამად ბოსნია და ჰერცეგოვინაში ეკონომიკური ზრდის კუთხით გარკვეული სირთულეები გვაქვს. იმის მოსმენა, რომ საქართველო ეკონომიკურად კარგად ვითარდება, შთამაგონებელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის და ვფიქრობ, რომ ეს რეალურად შესაძლებელია", - აღნიშნა ბოსნია და ჰერცოგოვინას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ემირ კურტიჩმა.

„თბილისის ფინანსურმა სამიტმა" წელს 60-მდე ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელს მოუყარა თავი. სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით წელს მეორედ ჩატარდა.