თბილისი (GBC) - გამოცემა Bloomberg წერს, რომ "უკრაინა მზადაა, აშშ-სთან მიწაიშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელი დღესვე მოაწეროს". გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს უკრაინაში საინვესტიციო პროექტის მართვის ერთობლივი ფონდის შექმნას.

Bloomberg-ის თანახმად, უკრაინის იუსტიციის მინისტრი იულია სვირიდენკო ვაშინგტონში უკვე გაემგზავრა.

შეთანხმების ფარგლებში აშშ და უკრაინა შეეცდებიან შექმნან პირობები „უკრაინის სამთო-მოპოვებით, ენერგეტიკულ და მომიჯნავე დარგებში ინვესტიციების გაზრდისთვის“.

ამასთან, ვაშინგტონი აღიარებს კიევის განზრახვას დადოს შეთანხმება, რომელიც არ ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებს, რაც დიდი ხანია უკრაინისთვის წითელ ხაზად ითვლება მოლაპარაკებებში.

Bloomberg-ის ცნობით, ამერიკული მხარე დათანხმდა, რომ აშშ-ის მიერ ფონდში შეტანილ წვლილად ჩაითვლება მხოლოდ ის სამხედრო დახმარება, რომელსაც ვაშინგტონი კიევს შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გაუწევს. დოკუმენტის თანახმად, შეთანხმება: „აძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას მხარეებს შორის უკრაინის გრძელვადიანი აღდგენისა და მოდერნიზაციის მიზნით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით გამოწვეული მასშტაბური ნგრევის საპასუხოდ“.

გამოცემის წყაროს თქმით, ჯერ საბოლოოდ არ არის შეთანხმებული სხვა ორი ტექნიკური შეთანხმება, რომლებიც განსაზღვრავს ერთობლივი ფონდის ფუნქციონირების წესს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად 2025 წლის თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ სურს, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს მიწაიშვიათი ლითონები.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ თავისი ბუნებრივი რესურსების სანაცვლოდ ვაშინგტონისგან უსაფრთხოების მყარი გარანტიები მოითხოვა.

უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტებს ეკონომიკური თანამშრომლობის და მათ შორის, მიწაიშვიათი ლითონების ხელშეკრულებისთვის ვაშინგტონში 28 თებერვალს უნდა მოეწერათ ხელი. თუმცა, თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესასთან საჯარო შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის.

ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.

მარტში უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ვაშინგტონმა კიევს შესთავაზა შეთანხმების ახალი ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის რესურსებზე პრაქტიკულად სრულ კონტროლს და არ მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს. წყაროთა თანახმად, უკრაინამ ეს ვარიანტი უარყო. მას შემდეგ მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

17 აპრილს, უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც მხარეები ადასტურებენ ეკონომიკური პარტნიორობისა და უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შესახებ ოფიციალური შეთანხმების განზრახვას.

უკრაინის პრემიერმინისტრს დენის შმიგალის გამოქვეყნებული აქვს შეთანხმების მთავარი პუნქტები, რომელთა თანახმადაც:

  • უკრაინა და აშშ აღდგენის საინვესტიციო ფონდს ქმნიან, რომელიც საერთო საკუთრება იქნება და ერთობლივად იქნება მართული ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ;
  • უკრაინული წიაღისეული და რესურსები უკრაინულებად რჩება, ის არ გადაეცემა მმართველობაში აშშ-ს, არც ვინმე სხვას;
  • უკრაინა საკუთარი ბუნებრივი რესურსების აქტივებიდან სამომავლო შემოსავლების 50%-ს შეიტანს ფონდში;
  • აშშ შენატანებს გააკეთებს ფონდში სახსრების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სხვა აქტივების სახით, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის აღდგენისთვის;
  • ფონდის მიერ შეგროვებული სახსრები მხოლოდ უკრაინის აღდგენის პროექტებში იქნება ინვესტირებული. ფაქტობრივად, ვსაუბრობთ ფონდზე უკრაინელების მომავალი თაობებისთვის;
  • შეთანხმებაში გათვალისწინებულია ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში უკრაინის ვალდებულებები.