თბილისი (GBC) - 3Q2025-ის მონაცემებით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რომლითაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა მოწმდება, 135 კომპანიაში აღებული 561 ნიმუშიდან დარღვევა 8 კომპანიის 11 ნიმუშში აღმოჩნდა.
საანგარიშო პერიოდში, 56 კომპანიაში ჩატარდა საინსპექციო კონტროლი, რაც სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობას ადგენს. აღებული 1091 ნიმუშიდან, დარღვევა აღმოჩნდა 6 კომპანიის 14 ნიმუშში.
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი საერთაშორისო კომპანიების შპს Bureau Veritas და შპს SGS მიერ ინსპექტირება 98 კომპანიაში განხორციელდა; აღებული 365 ნიმუშიდან დარღვევა 1 კომპანიის 1 ნიმუშში აღმოჩნდა.
საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, გასულ 9 თვეში, ჩატარდა 201 დეგუსტაცია. სადეგუსტაციოდ შემოსული 9643 ნიმუშიდან უარყოფითად 365, დანარჩენი 9278 ნიმუში კი, დადებითად შეფასდა.
ნიმუშის ორგანოლეპტიკური ტესტირება ხდება ფერსა და გამჭვირვალობაზე, ტიპურობაზე, დაავადებების არსებობაზე, არომატზე, გემოსა და ჰარმონიულობაზე.
მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, ქართული ღვინის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები რეგულარულად ახორციელებენ ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის მონიტორინგს, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო და სხვა ალკოჰოლიანი სასმელი აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, იყოს კონკურენტუნარიანი და სულ უფრო მეტად მოთხოვნადი.