თბილისი (GBC) - რუსეთის მთავრობამ 21 სექტემბრიდან საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი შეზღუდა, მათ შორის საქართველოსთვის.

როგორც მთავრობის დადგენილებაში წერია, არსებობს რამდენიმე გამონაკლისი: აკრძალვა არ შეეხება ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებს, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ფორმირებების და ა.შ. გარდა ამისა, შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომელშიც რუსეთის გარდა სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი შედიან.

რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს დროებითი შეზღუდვაა და შიდა ბაზარზე საწვავის ფასის დასტაბილურებას ისახავს მიზნად.

სექტემბრის ოც დღეში, გასული თვის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი 30%-ით, 1,7 მილიონ ტონამდე შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთში ბენზინისა და დიზელის დეფიციტია, რის გამოც საწვავის ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. კერძოდ, წლის დასაწყისიდან 9,4%-ით გაიზარდა საწვავის ფასები, ხოლო ზოგადად, სამომხმარებლო პროდუქტების ფასებმა – 4%-ით მოიმატა. 

შეგახსენებთ, აგვისტოში საქართველოში სულ $107.7 მლნ-ს 125.8 ათასი ტონა ნავთობი იმპორტირდა. ნავთობის იმპორტში  რუსეთის წილი კი 48%-მდეა შემცირებული. ცნობისთვის, წლის დასაწყისში რუსეთის წილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტში 80%-საც კი აღწევდა.